თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ხუთი ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, 2021 წელს ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს.
უწყების ცნობით, ხუთივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, რისი გათვალისწინებითაც მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულებს თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ.
დღემდე დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე მსჯავრდებულია 28 პირი, ხოლო სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.