თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, იუწყება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო.
„მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა“, - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ დაჭრილია 60 ადამიანი, აქედან 36-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 22 ადამიანი კლინიკებიდან უკვე გაეწერა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია 20 ადამიანის შესახებ, რომლებსაც ოჯახის წევრები აფეთქების შემდეგ ვერ უკავშირდებიან.
ინციდენტის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში გაისმა.
ადგილზე რთული მდგომარეობაა, რადგან ძლიერი დაკვამლიანებაა და აალების ახალ-ახალი კერები ჩნდება. ხანძრის ჩაქრობის პარალელურად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.