თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი გაფრინდა

მესტიაში ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ზემო სვანეთში, თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო
მესტიაში ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
არსებული ინფორმაციით, თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილია ექვსი ტურისტი, მათ შორის ორი დაშავებულია. SOS შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან 12 აგვისტოს შევიდა. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უცხოელი ტურისტების ჯგუფს დახმარება სჭირდება.
საქართველოში სამაშველო ოპერაციებისთვის ვერტმფრენების გამოყენების დროს უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
ორი კვირის წინ გუდაურში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც მაშველები იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი რვა ადამიანი. ავარიის ზუსტი მიზეზები დგინდება.