თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. სენაკის სათათბირო ორგანოს (საკრებულოს) მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები კანონის შესაბამისად დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს ცესკოს განცხადებაში.
საქართველოს ცესკომ შუალედური არჩევნები 1 ოქტომბერს დანიშნა. არჩევნები სამ საარჩევნო უბანზე ელექტრონული კენჭისყრით გაიმართება. არჩევნების დანიშვნის მიზეზი პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა. პარტიამ „საქართველოსთვის“ ცესკო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.
„საარჩევნო კოდექსი პირდაპირ განმარტავს შუალედური არჩევნების დანიშვნის გარემოებებს, რაც როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც აბსოლუტურად დაცული იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე სენაკის მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების დანიშვნის განკარგულებას მხარი დაუჭრა სხდომაზე მყოფმა კომისიის ყველა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრმა.
ცესკო ასევე განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა პირადი განცხადების საფუძველზე ხდება ამ განცხადების წარდგენიდან მომდევნო დღეს და საკრებულოს მიერ ამ ფაქტის ცნობად მიღების ფაქტი, ასევე ის გარემოება, თუ როდის მოხდა უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღება, არ ცვლის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტულ დღეს.
„ნათელია, რომ კონკრეტული პარტიის ამ საკითხთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების შეცდომაში შეყვანასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მოახდინონ რეაგირება.