მსოფლიო დღეს

იაპონიაში ტაიფუნია: გამოცხადებულია ევაკუაცია, ფრენები გაუქმებულია

ტაიფუნი „მეარი“, რაც კორეულიდან „ექოს“ ნიშნავს, იაპონიის სამხრეთით 12 აგვისტოს გაჩნდა
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. იაპონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 72 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდება სიძუოკას პრეფექტურაში ტაიფუნი „მეარის“ მოახლოების გამო, რომელსაც ქვეყანაში რიგითი ნომერი 8 მიენიჭა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Kyodo.
გაუქმდა 65 ავიარეისი, ბორნების მოძრაობა კანაგავას, ჩიბას, იბარაკის პრეფექტურებში, 400 საოჯახო მეურნეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ევაკუაციის მითითება არის მეოთხე საფრთხის ხუთი შესაძლო დონიდან, რაც გულისხმობს რეკომენდაციას უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესახებ, სანამ ევაკუაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია. მეხუთე და უმაღლესი დონე ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენის აუცილებლობას უშუალო საფრთხის გამო. ხელისუფლება მოუწოდებს ევაკუაციის დასრულებისკენ საფრთხის მეხუთე დონის გამოცხადებამდე, როდესაც სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე ემუქრება.
ტაიფუნი „მეარი“, რაც კორეულიდან „ექოს“ ნიშნავს, იაპონიის სამხრეთით 12 აგვისტოს გაჩნდა. როგორც მოსალოდნელია, დღის მეორე ნახევარში ის იაპონიის წყნარი ოკეანეს სანაპიროს დაატყდება. პირველი დარტყმის ქვეშ სიძუოკას პრეფექტურა შეიძლება აღმოჩნდეს.
სინოპტიკოსების მონაცემებით, ბოლო დღეღამის განმავლობაში აქ უკვე 200 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა, კვირის დილამდე კი შესაძლოა 300 მილიმეტრამდე მოვიდეს.
ტაიფუნი ამჟამად სიძუოკას პრეფექტურის სამხრეთ-დასავლეთით 60 კილომეტრში ფიქსირდება და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით საათში 20 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. ტაიფუნის ცენტრში წნევა 1000 ჰექტოპასკალს შეადგენს, ცენტრში ქარის სიჩქარე წამში 20 მეტრია, დროგამოშვებით - 30 მეტრამდე წამში.
ექსპერტების პროგნოზებით, 14 აგვისტოს დილისთვის ტაიფუნი ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გადაუვლის და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით წყნარ ოკეანეში გადაინაცვლებს.
წყარო - სააგენტო Kyodo