თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ოზურგეთში ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა და პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
დანაშაული 12 აგვისტოს ოზურგეთში მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, 12 აგვისტოს ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც შერიგებისა და თანაცხოვრების ერთად გაგრძელების თაობაზე მოუხდა კამათი, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. ბრალდებული დაზარალებულს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მჭრელი, ბასრი საგნით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები და სხვა დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ქალი სამ შვილთან ერთად ნაქირავებ კერძო სახლში ცხოვრობდა. მკვლელობის დროს დედასთან ერთად 4 წლის ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც ამ დროისათვის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი და ფსიქოლოგის და შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ბრალდებულის მიმართ რამდენჯერმე იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ქვეპუნქტით მიმდინარეობს (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით).
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა დაზარალებულებში ნიჰილიზმი გააჩინოს.
„შედეგად მსხვერპლის მხრიდან მოძალადის მხილების და სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვისგან თავშეკავება მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს დაზარალებულის მხრიდან ნდობა სამართალდამცავი უწყებებისადმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
„მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს და მართლმსაჯულება აღსრულდეს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.