თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი" მოქალაქეებს მოუწოდებს, ნაგვის კონტეინერებში ანთებული სიგარეტი და აალებადი ნივთიერებები არ გადაყარონ.
„თბილსერვის ჯგუფი" აგრძელებს დედაქალაქის მასშტაბით ახალი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების დადგმას და დაზიანებული კონტეინერების ახლით ჩანაცვლებას.
„თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, ჩანაცვლების აქცია მთელი თბილისის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„მინდა დედაქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს მოვუწოდო, თავი შეიკავონ სიგარეტისა და აალებადი ნივთიერებების კონტეინრებში განთავსებისგან, რადგან მათი დაწვის საშიშროება და რისკი საკმაოდ მაღალია", – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა დავით ფაჩულიამ.
მიმდინარე წელს „თბილსერვის ჯგუფმა" უკვე 4.000-მდე სხვადასხვა მოცულობის პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერი შეისყიდა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად განაწილდება. ამ დროისათვის დედაქალაქში დაახლოებით 20.000 ნაგავშემკრები კონტეინერია.