კახა კალაძე ოპოზიციის სამომავლო გეგმებს გამოეხმაურა

თუ ვინმე დააპირებს უკანონო და არაკონსტიტუციურ ქმედებებს, კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს მიიღებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თუ საქართველოში ვინმე კანონის დარღვევას გეგმავს, შესაბამის პასუხს მიიღებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ოპოზიციური პარტიები სექტემბერში ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას გეგმავენ. ლიდერების ნაწილმა პროტესტის მეთოდებს შორის დაასახელა დაუმორჩილებლობის აქტების, შენობების ბლოკირებისა და პიკეტების მოწყობა.
„საქართველოში ხელისუფლების ცვლილება განხორციელდება ისე, როგორც ეს ყველა დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში ხდება, მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით... სხვა საკითხებს რაც შეეხება, თუ ვიღაც არაკანონიერი და არაკონსტიტუციური გზით დააპირებს რაღაცას, კანონის ფარგლებში ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება და დაძაბულობა შემოიტანოს“, - განაცხადა კალაძემ.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება, მათ შორის დეპოლარიზაცია.
ევროკომისია საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადებას თავდაპირველად 2022 წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა 13 ივლისს ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა განაცხადა, რომ ქვეყანას მეტი დრო მიეცემა. მისი თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა, არ ააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა ძალისხმევაში დეპოლარიზაციის მიმართულებით, რათა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და რეფორმებზე მუშაობა დაიწყონ.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, დეპოლარიზაციის მიღწევაზე პასუხისმგებლობის ნახევარი მათ აკისრიათ, ხოლო მეორე ნახევარი - ოპოზიციას. მოგვიანებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ პირობამ პირიქით გააძლიერა პოლარიზაცია.