ექიმ ქალთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი ქართველი გახდა

ამჟამად MWIA-ს შემადგენლობაში მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 100 ქვეყნის ასოციაციები შედის.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი წევრი და IX მოწვევის პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში ქალ ექიმთა მსოფლიო ასოციაციის (MWIA) გენერალური მდივანი გახდა, იუწყება BMG.
ჯაში ამ თანამდებობაზე პრეტენდენტად საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დაასახელეს. ასოციაციამ ჯაში ჯერ კიდევ ივნისში შეარჩია.

„ასოციაცია 1919 წელს არის დაფუძნებული და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე პროფესიული გაერთიანებაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია როგორც ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობა გლობალური ჯანდაცვის კონტექსტში, ასევე ქალი მედიკოსების უფლებების დაცვა და ჯანდაცვის სექტორში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა", – განაცხადა ჯაშმა.

ამჟამად MWIA-ს შემადგენლობაში მთელი მსოფლიოს დაახლოებით 100 ქვეყნის ასოციაციები შედის.
ექიმ ქალთა მსოფლიო ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით იმ ქალებს შორის კავშირის მხარდაჭერა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მედიცინას მიუძღვნეს.
ამჟამად ასოციაცია აქტიურად მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ქალებისა და მოხუცების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.