COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთში ახალი შტამი „დელტაკრონის" პირველი შემთხვევები გამოვლინდა

„დელტაკრონი" COVID-19-ის არადომინანტურ ხაზს მიეკუთვნება და ეპიდვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტით, „დელტაკრონით" დაინფიცირების ექვსი შემთხვევა აღმოაჩინეს, იუწყება РИА Новости „როსპოტრებნადზორზე" დაყრდნობით.
უწყებაში აღნიშნეს, რომ პაციენტებმა დაავადება მსუბუქ ფორმაში გადაიტანეს. ჰოსპიტალიზაცია არცერთს არ დასჭირვებია.
უწყების ინფორმაციით, „დელტაკრონი" COVID-19-ის არადომინანტურ ხაზს მიეკუთვნება და ეპიდვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.
ექიმი ინფექციონისტი სერგეი ვოზნესენსკის აზრით, „რუსული დელტაკრონი" შტამ „ომიკრონის" კიდევ ერთი ქვევარიანტია.

„როგორც ცნობილია, „ომიკრონის" ხაზის დაახლოებით 400 სხვადასხვა ქვევარიანტი არსებობს, და ახალი ვირუსი, რომელსაც მასმედიაში „რუსული დელტაკრონი" უწოდეს, აქედან ერთ-ერთია. ამჟამად ყველა ამ ვირუსს შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს. წინა ვირუსებისგან ის გავრცელების მაღალი ხარისხით და უფრო მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა", – განაცხადა ვოზნესენსკიმ რადიო Sputnik-თან საუბრისას.

ინფექციონისტის აზრით, იმის თქმა, რომ ახალი ვირუსი შეძლებს ეპიდემიოლოგიური ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლას, ნაადრევია.