თბილისში საცხოვრებელი სახლი ინგრევა: მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

უმრავლესობას გადაანაწილებენ სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
როგორც სამგორის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და მოსახლეობას რამდენიმე გაფრთხილება გაეგზავნა, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა გამგეობა. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე. გამგეობის პირობებს 35-დან ხუთი ოჯახი დათანხმდა.
დანარჩენებს გადაანაწილებენ სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში.
პირველი ავარიული კორპუსი, რომელსაც თბილისის მერია ჩაანაცვლებს, ვარკეთილში მდებარეობს >>
პირობების თანახმად, მერია გამქირავებელს თვეში გარკვეულ თანხას უხდის. მაგრამ ბოლო დროს საცხოვრებელი ფართის ქირის ფასები გაიზარდა - საშუალოდ 600 ლარიდან და მეტი, ხოლო გასაქირავებელი ფართების რაოდენობა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე შემცირებულია.