თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე აპირებს მოიწვიოს ამერიკელი და შვეიცარიელი ექსპერტები, რომელთა დასკვნაც გახდება საფუძველი სასჯელის გადავადების შუამდგომლობისთვის, განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ.
„ჩვენი მიზანია დაიდოს დასკვნა, რომლის მიხედვით სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, რაც მას ხელს უშლის სასჯელის მოხდაში. ამ შუამდგომლობით მივმართავთ სასამართლოს. შევეცდებით სასამართლო დავარწმუნოთ ჩვენი პოზიციების სიმყარეში, რის შემდეგაც სასამართლომ უნდა მიიღოს ორიდან ერთი გადაწყვეტილება – ან გვეთანხმება, ან არ გვეთანხმება. თუ გვეთანხმება, მაშინ მას მისცემენ უფლებას ერთი წლის ვადით, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, გავიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ჩაიტაროს მკურნალობა. სხვა შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს საქართველოში, თუმცა მისი მკურნალობა საქართველოში, რაც ჩვენ მოვიძიეთ, ფიზიკურად შეუძლებელია“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ „TV პირველის“ ეთერში.
ადვოკატის თქმით, დასკვნას შეადგენენ ცენტრ „ემპათიის“ და უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები.
„საუბარია ოთხი ამერიკელი ექსპერტის ჩართვაზე: ფსიქოლოგი, ნევროლოგი, გასტროენტეროლოგი და წამების შედეგად დარღვევების შემსწავლელი პროცედურების, დარღვევების ექსპერტი, რომელიც არის ნობელის პრემიის ლაურეატი. ამას ემატება უზარმაზარი ამერიკული კომპანია „აკერმანი“, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც ჩამოვა საქართველოში და დააკვირდება საექსპერტო კვლევებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, დასკვნა უნდა მოიცავდეს ასევე ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის ფსიქოლოგიურ შეფასებას.
„საბოლოო ჯამში გაიცემა კომპლექსური სასამართლო სამედიცინო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ხელს მოაწერენ „ემპათიის“ ექსპერტები და ამერიკელი და შვეიცარიელი ექსპერტები“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც სტაბილურს, საზოგადოებისთვის მისი დიაგნოზი უცნობია.
სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზია 50-დღიანი შიმშილობა, რომელიც 2021 წლის 1 ოქტომბერს, მისი დაკავების დღეს დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.