თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მცხეთაში შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულ პირს 12 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით დაზარალებულს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა, ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი 2022 წლის 21 აპრილს დააკავა.