თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეისწავლის ყველა იმ გარემოებას, რომელიც უკავშირდება რუსულ ინტერნეტ-სივრცეში თადარიგის ოფიცრის მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის გავრცელებას.
მას შემდეგ, რაც რუსულ ინტერნეტ-სივრცეში ქართველი სამხედრო მოსამსახურის მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე გავრცელდა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არქივში დაცული ინფორმაცია რუსულ მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გადასცა. ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ბრალდებებს დეზინფორმაცია და ცილისწამება უწოდა.
„მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან სამინისტრომ დაადანაშაულა ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იმაში, რომ ის არ დაელოდა ინფორმაციის ოფიციალურ გადამოწმებას და დეზინფორმაცია გაავრცელა.
უწყებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან.
ნიკა მელიამ რუსულ ინტერნეტ-სივრცეში ქამხაძის პირადი საქმის გავრცელების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას უწოდა კოლაბორაციონისტები, რომლებიც „სამშობლოს ყიდიან“.
მიხეილ ქამხაძე თადარიგის ოფიცერია. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა და ამჟამად უკრაინაში იბრძვის.
უთანხმოება ხელისუფლებასა და ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, რომ მან უკრაინის მოვლენების გამო სანქციები არ დაუწესა რუსეთს და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას ორგანიზაცია არ გაუწია. თავის მხრივ, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი მომხრეები ქვეყნის ომში ჩათრევას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ცდილობს.
ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ იცავს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას, მაგრამ საქართველო თავის სანქციებს არ აწესებს, რადგან ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას დააზარალებს.
წყარო - თავდაცვის სამინისტრო