რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს

გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. „საქართველოს რკინიგზით" ტვირთების გადაზიდვამ 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 6,8 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13,3%-ით აღემატება, აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 7 წლის განმავლობაში.

„საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო გადაზიდვებში ზრდის ტრენდს 2018 წლიდან ინარჩუნებს. გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია ყველა მიმართულებით. ესენია: ჩინეთი (6.129 TEU), ყაზახეთი (7.708 TEU), შუა დერეფანი (13.837 TEU) და ბაქო-თბილისი-ყარსი (11.112 TEU)", – აღნიშნულია განცხადებაში.

გადაზიდვები მომატებულია შემდეგი სახეობის ტვირთებზე: მაზუთი (ყაზახეთიდან), ნედლი ნავთობი (ყაზახეთიდან), მეთანოლი (აზერბაიჯანიდან), კარბამიდი (თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან) და შაქრის ნედლეული (შუა აზიიდან).
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" მფლობელია როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე.
„საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი, 1.714 ხიდი, ბორნით გადაზიდვა.