თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილ უფროსთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი – ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.
გამოძიების მიხედვით, ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ერთ-ერთი მოქალაქის დახმარებით წვევამდელისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით 1,5 ათასი ლარი აიღო.
გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.