თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ლაგოდეხში ახალი ტურისტული სივრცე გაჩნდა, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
კომპანიამ „სამი ტბა“ გლემფინგ-კარვებითა და ხის კოტეჯებით სივრცის მოსაწყობად 210 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 168 ათასი ლარია.
პროგრამა „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებულია 76 პროექტი 10,9 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულებით, მათ შორის თანადაფინანსება 7,6 მილიონ ლარს აღემატება.
„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედის, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
პროგრამა სოფლის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ხორციელდება.