პრემიერი: სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის გამო აგვისტოს ომი ვერ ავიცილეთ

აგვისტოს ომში საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა და დაიჭრა 2.232 ადამიანი, მათ შორის 1.045 სამხედრო.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი უგუნური პოლიტიკისა და პროვოკაციული ნაბიჯების გამო ქვეყნის ომისგან დაცვა ვერ შეძლო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციონერები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს და აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

„ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ თავიდან ვერ ავიცილეთ ეს ტრაგიკული ომი... ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებამ „გაწირა ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ჩვენი სამხედროები“.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ>>>
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ კი ქვეყნის გაერთიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის „მშვიდობიანი და გონივრული პოლიტიკა“ აირჩია.
აგვისტოს ომში საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა და დაიჭრა 2.232 ადამიანი, მათ შორის 1.045 სამხედრო.