თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე 9 აგვისტოს 09:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვები სარკინიგზო გადასასვლელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
კერძოდ, „საქართველოს რკინიგზა“ აღნიშნული საავტომობილო გზის მე-15 კმ-ზე (ე.წ. ჯაპანის დაცული სარკინიგზო გადასასვლელი) სავალი ფენილის და ლიანდაგის შეკეთების სამუშაოებს გეგმავს. ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენა.
სამუშაოების პროცესში საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ადგილობრივი გზებისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა–ლანჩხუთის საავტომობილო გზის გამოყენებით.