თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით თბილისში ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
Rolf Georgia – სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმო ლითონის უჯრედულ შეკიდულ ჭერებს აწარმოებს.
პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 450 ათას ლარს შეადგენს. აქედან 170 ათასი არის სესხი პროგრამით „აწარმოე საქართველოში“.
საწარმოში 16 ადამიანი დასაქმდა. მომავალში დასაქმებულთა შტატის გაზრდას გეგმავენ.
„კომპანია წლების განმავლობაში ახორციელებდა ამ პროდუქციის იმპორტს საქართველოს ბაზარზე, თუმცა დღეს უკვე აქვს პოტენციალი, გავიდეს საექსპორტო ბაზრებზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საამქროს გახსნაზე.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია სხვადასხვა მიმართულების 1.500-ზე მეტი პროექტი. ამ პროექტებზე გამოყოფილი სასესხო ხაზი 2 მლრდ ლარს შეადგენს.