საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატურის აცილების მიზეზი დაასახელა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ცესკოს როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა არ წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა, რადგან მან ორჯერ ვერ მოიპოვა დეპუტატების ხმების 2/3, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პარასკევს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა. განაცხადის მიუხედავად, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი სიაში არ აღმოჩნდა. კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარე ორჯერ გახდა, და ორივეჯერ - მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. მმართველ პარტიაში საპასუხოდ განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა თავისი ნეიტრალური სტატუსი დაკარგა და მიკერძოებული გახდა.
„ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისთვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა ხმების 2/3, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას.
„ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ ექვსი თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას“, - ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხდეს, ის უსაფუძვლო დასკვნები, რომლებიც პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთეს როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ, სხვა არაფერია თუ არა „საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების მცდელობა“.
„გაკვირვებული ვარ“ - ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს >>
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება „მოულოდნელი და გაუგებარია“.
ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან თამარ ალფაიძე (ლექტორი და იურისპრუდენციაში სახელმძღვანელოების ავტორი) და რევაზ ეგაძე (ცესკოს სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელ) შეარჩია.
აგვისტოში ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორ წევრს - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს უფლებამოსილება ეწურებათ. პარლამენტმა სამივე კანდიდატი თებერვალში ექვსი თვით აირჩია.
„ნეიტრალურობა დაკარგა“ – ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების გამო გააკრიტიკეს >>
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
ამჟამად მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია