საეკლესიო კალენდარი: 7 აგვისტო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 აგვისტოს მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედის, ასევე წმიდათა დედათა: ოლიმპიადა დიაკონისასი და ევპრაქსია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედისა
ნეტარი ანა, მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. მისი მეუღლე, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო. ცოლ-ქმარი ღვთის სიყვარულითა და მოყვასის თანაგრძნობით გამოირჩეოდნენ. შემოსავლის ნაწილს მოწყალებაში გასცემდნენ, ნაწილს ტაძარს სწირავდნენ, ხოლო დანარჩენს საკუთარი საჭიროებისათვის იყენებდნენ. მაგრამ სიბერემდე ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მიეცათ, რაც მათ გულს მწუხარებით ავსებდა: იმდროინდელი წარმოდგენით უშვილობა სასჯელად ითვლებოდა. დიდ დღესასწაულებზე ისინი იერუსალიმში ადიოდნენ. ერთხელაც, როცა იოაკიმე ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად, მღვდელმთავარმა მისი ძღვენი არ მიიღო, როგორც უშვილობით ღვთისაგან დასჯილისა. გულდათუთქული იოაკიმე სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, სირცხვილი აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა. როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანნა ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. ამ დროს თვალიჰკიდა ჩიტის ბუდეს, რომელშიც ბარტყები ჟივჟივებდნენ. გულდაწყვეტილმა ანამ წამოიძახა: ''ყველა ნუგეშობს შვილებით. მხოლოდ მე ვარ უშვილო და უნუგეშო''. უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა: ''ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება ასულის სახელად მარიამი. იგი გახდება დედა ღვთისა''. ანგელოსი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა და მასაც აუწყა სასიხარულო ამბავი. გახარებულმა იოაკიმემ და ანამ ტაძარს მიაშურეს, ისინი იერუსალიმის კარიბჭესთან შეხვდნენ ერთმანეთს და სიხარულით გადაეხვივნენ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ქალწულს ღმერთს შესწირავდნენ. მართლაც, ანამ მუცლად იღო და შვა ქალწული, რომელსაც მარიამი უწოდეს. სამ წლამდე მარიამი მშობლებთან იზრდებოდა, სამი წლისა კი, აღთქმისაებრ, იოაკიმემ და ანამ ტაძარში წაიყვანეს და იქ აღიზრდებოდა სხვა ქალწულებთან ერთად. მალე იოკიმე გარდაიცვალა, ანა კი ტაძრის მახლობლად დასახლდა. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში ახ. სტილით 7 აგვისტოს, 79 წლის ასაკში. ღვთისმშობლის ხარებამდე ცოტა ხნით ადრე.
საეკლესიო კალენდარი: 6 აგვისტო
წმიდა დედა ოლიმპიადა დიაკონისა
წმიდა ოლიმპიადა დიაკონისა იყო ასული სენატორ ანისიუს სეკუნდუსისა, წმიდანი მშობლებმა ადრეულ სიყმაწვილეშივე დანიშნეს ერთ კეთილმსახურ ჭაბუკზე. როგორც კი ოლიმპიადა სრულწლოვანებას მიაღწევდა, ჯვრისწერაც უნდა აღსრულებულიყო, მაგრამ მალე მისი საქმრო გარდაიცვალა. ნეტარმა გათხოვება არ ისურვა და ქალწულებრივი ცხოვრება ირჩია.
დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ ოლიმპიადამ დიდი ქონება მიიღო მემკვიდრეობით, რომელსაც იგი უხვად ურიგებდა გლახაკებს, ობლებსა და ქვრივებს, უშურველად სწირავდა ეკლესია-მონასტრებს, საავადმყოფოებს, დავრდომილთა და მწირთა თავშესაფრებს.
პატრიარქმა ნექტარიუსმა (381-393) წმიდა დედა დიაკონისად დაადგინა და ისიც გულმოდგინედ და უმწიკვლოდ აღასრულებდა თავის მოვალეობას.
წმიდა იოანე ოქროპირი მეტად აფასებდა ნეტარ დედას. ოლიმპიადა სხვა დიაკონისებთან ერთად ძლიერ განიცდიდა უდანაშაულო მღვდელმთავრის უმსჯავროდ განდევნას კათედრიდან. იოანე ოქროპირის გაძევების შემდეგ წმიდა სოფიას საკათედრო ტაძარი დაიწვა. ცეცხლი მიმდებარე შენობებსაც მოედო და ქალაქის დიდი ნაწილი იმსხვერპლა. დევნილი მღვდელმთავრის ყველა მომხრეს ბოროტმოქმედებაში დასდეს ბრალი. დაკითხეს წმიდა ოლიმპიადაც. მართალია, მას ვერანაირი სამხილი ვერ უპოვეს, მაგრამ მაინც დიდძალი ფულადი ჯარიმა გადაახდევინეს, თითქოსდა ხანძრის გამჩენთა დაქირავებისათვის. ამის შემდეგ ნეტარმა დატოვა კონსტანტინოპოლი და ქალაქ კვიზიკში (მარმარილოს ზღვაზე) გაემგზავრა; მაგრამ მტრებს მისი დევნა არ შეუწყვეტიათ: წმიდა დედა შეიპყრეს და 405 წელს ნიკომიდიაში გადაასახლეს.
წმიდა ოლიმპიადა 409 წელს გარდაიცვალა, გადასახლებაში. ნეტარი ნიკომიდიის ეპისკოპოსს გამოეცხადა და უბრძანა, მისი სხეული კიდობანში ჩაესვენებინათ და ზღვისთვის მიეცათ: "სადაც ტალღები გარიყავენ კიდობანს, დაე, იქ დაიკრძალოს ჩემი ცხედარიც", - უთხრა მან ეპისკოპოსს. წმიდა ნეშტი კონსტანტინოპოლის მახლობლად, ბიოქტად წოდებულ ადგილთან მიცურდა. აქაურმა მცხოვრებლებმა, ზღვიდან კრძალვით გამოაბრძანეს წმიდანის ცხედარი და თომა მოციქულის სახელობის საყდარში დაფლეს.
საეკლესიო კალენდარი: 5 აგვისტო
ღირსი ევპრაქსია ქალწული
ღირსი ევპრაქსია წმიდა კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) ნათესავის, კონსტანტინოპოლელი დიდებულის, ანტიგონეს ასული იყო.
მდიდარი და გავლენიანი ანტიგონე და მისი მეუღლე ევპრაქსია ღვთისმოშიშებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდნენ. თავიანთ ერთადერთ ასულსაც მათ ევპრაქსია დაარქვეს. ანტიგონე მალე გარდაიცვალა, რის შემდეგაც დედა განერიდა სასახლის კარს და თავისი სამფლობელოების მოხილვის საბაბით ასულთან ერთად ეგვიპტეს მიაშურა. აქ, თებაიდის მახლობლად, მდებარეობდა ტაბენისის დედათა მონასტერი მკაცრი ტიპიკონით. მოწესეთა ცხოვრებამ მიიზიდა კეთილმსახური ქვრივი. მან ისურვა, დახმარებოდა ამ სავანეს, მაგრამ იღუმენია თეოდულამ იუარა - განაცხადა, რომ მონაზვნები მთლიანად უფალს იყვნენ მინდობილნი და არანაირი მიწიერი საუნჯის მოხვეჭა არ სურდათ. წინამძღვარმა მხოლოდ სანთელი, საკმეველი და ზეთი შეიწირა.
ამ დროს პატარა ევპრაქსია შვიდი წლისა იყო. მას მოეწონა მონაზვნური ცხოვრება და ისურვა, სავანეში დარჩენილიყო. დედამ შვილს სთხოვა, თავმდაბლი ყოფილიყო, არასოდეს ეფიქრა თავის კეთილშობილურ წარმოშობაზე და გულმოდგინედ შედგომოდა უფლისა და დების მსახურებას. მალე ევპრაქსია-უფროსი გარდაიცვალა. როცა ამის შესახებ შეიტყო, მეფე თეოდოსიმ მის ასულს ეპისტოლე გაუგზავნა და შეახსენა, რომ ხუთი წლის ასაკში მშობლებმა იგი ერთი სენატორის ძეზე დანიშნეს, და ახლა მას სურს, რომ ევპრაქსიამ დედ-მამის დადებული პირობა შეასრულოს.
საპასუხო ეპისტოლეში წმიდანმა მეფეს აუწყა, რომ იგი უკვე ქრისტეს სასძლოთა რიცხვს შეერთო და სთხოვდა, მემკვიდრეობით მისთვის გადმოცემული მამულები ეკლესიისა და გლახაკებისთვის დაენაწილებინა.
დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს: მისი ლოცვით ყრუ-მუნჯი და დავრდომილი ბავშვი განიკურნა, ეშმაკეული ქალი ბოროტის ტყვეობიდან გათავისუფლდა... მონასტერში სნეულთა მოყვანა დაიწყეს შემწეობის მიღების იმედით... ევპრაქსია კი სულ უფრო და უფრო თავმდაბალი ხდებოდა და თავს ცოდვილთა შორის უკანასკნელად თვლიდა. ევპრაქსია ოცდაათი წლის ასაკში - მშვიდობით მიიცვალა (+413).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.