„ნეიტრალურობა დაკარგა“ – ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების გამო გააკრიტიკეს

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ მოექცა.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნეიტრალური სტატუსი დაკარგა და მიკერძოებული გახდა, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს.
პარასკევს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა. განაცხადის მიუხედავად, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი სიაში არ აღმოჩნდა. კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარე ორჯერ გახდა, და ორივეჯერ - მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით.
„რატომ მოიქცა ასე პრეზიდენტი, ალბათ ამას რაციონალური და მიუკერძოებელი ახსნა არ აქვს. აქ ჩვენ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს პრეზიდენტის მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. „ქართული ოცნება“ იმსჯელებს, როდესაც ეს საკითხი იქნება განსახილველად დღის წესრიგში შემოტანილი და ჩვენ ალბათ სკეპტიციზმით ვიქნებით განწყობილი იმ გადაწყვეტილების მიმართ, რაც პრეზიდენტმა მიიღო“, – განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
უკმაყოფილოა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მმართველი ძალის სხვა ლიდერიც - გივი მიქანაძე.
„სრულიად გაუგებარი და უსაფუძვლოა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტმა მიიღო“, – განაცხადა მიქანაძემ და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ მოექცა.
„გაკვირვებული ვარ“ - ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს >>
თავად პრეზიდენტს თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
ამჟამად მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.