„გაკვირვებული ვარ“ - ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს

კალანდარიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებებს ელოდება
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი და გაუგებარი იყო, ამის შესახებ ცესკოს მოქმედმა ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პარასკევს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა. განაცხადის მიუხედავად, კალანდარიშვილი სიაში არ აღმოჩნდა.
„გარკვეულწილად მოულოდნელი და გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება... ჩემთვის გაუგებარია მოტივების შესახებ, ამიტომ საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა განმარტებები, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით ექნება, თუ ასეთი იარსებებს“, - განუცხადა კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რა დაედო ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად.
„თუმცა, პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო, რომ წარდგენილი სამი კანდიდატიდან არჩევანი ორზე გაეკეთებინა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან თამარ ალფაიძე (ლექტორი და იურისპრუდენციაში სახელმძღვანელოების ავტორი) და რევაზ ეგაძე (ცესკოს სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელ) შეარჩია.
აგვისტოში ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორ წევრს - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს უფლებამოსილება ეწურებათ. პარლამენტმა სამივე კანდიდატი თებერვალში ექვსი თვით აირჩია.
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
ამჟამად მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.
კალანდარიშვილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით ცესკოს თავმჯდომარე პირველად გასული წლის აგვისტოში გახდა ექვსი თვით. ის მეორედ ამ თანამდებობაზე ამავე ვადით მიმდინარე წლის თებერვალში აირჩიეს.