კიდევ ერთი ქართველი იტალიის ჩემპიონატში - „ვერონა“ ლოჩოშვილის შეძენას ცდილობს

იტალიურმა „ვერონამ“ ლუკა ლოჩოშვილის სანაცვლოდ ავსტრიულ კლუბს 1,6 მილიონი ევრო შესთავაზა.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს. იტალიურმა „ვერონამ“ ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერის თაობაზე „ვოლფსბერგერს“ უკვე მიმართა.
როგორც იტალიური გამოცემა Virgilio Sport-ი წერს, სერია A-ში მოთამაშე „ვერონა“ ეძებდა მცველს, რომელიც ფიზიკური მონაცემებით ძლიერია და ასევე საჭირო გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს.
აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა. როგორც ირკვევა, „ვერონამ“ ავსტრიულ კლუბს ლუკა ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1,6 მილიონი ევრო შესთავაზა.

„ტრანსფერის საფასურზე, რომელსაც გვთავაზობენ, უბრალოდ უარს ვერ ვიტყვით. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ლუკას განვითარება და შემდეგ მისი სარფიანად გაყიდვა. თუმცა გვინდა, რომ „გზირასთან“ სამშაბათს ითამაშოს და იმედი მაქვს, რომ დაგვთანხმდება“, – აღნიშნა რიგლერმა.

24 წლის ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს. მან გუნდის რიგებში ავსტრიის ბუნდესლიგაში 68 მატჩი ჩაატარა. ლოჩოშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორი შეხვედრა გამართა. რაც შეეხება „ვერონას“, გუნდმა იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ „ვერონა“ იტალიის ჩემპიონატში პირველ შეხვედრას შინ 14 აგვისტოს „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართავს. შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ სერია A-ს პირველივე ტურში ქართული დუელი ვიხილოთ.