ნაკლები მანქანა და ბევრი ხე - თბილისის ცენტრალური პარკის პროექტში ცვლილებები შევიდა

კახა კალაძის თქმით, თბილისს არ ჰქონია და არა აქვს ამ მასშტაბის სარეკრეაციო სივრცე.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობის პროექტში ცვლილებები შეიტანა – საპარკინგე ადგილების შემცირების ხარჯზე იგეგმება გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა, განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა კახა კალაძემ.
ფონდმა „ქართუმ", რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 36 ჰექტარი ტერიტორია კერძო მფლობელისგან გამოისყიდა და გადასცა ქალაქს. ახალი პარკის მოსაწყობად ფონდი ათობით მილიონ ლარს გამოყოფს.

„პროექტში შევიდა შემდეგი სახის ცვლილებები: საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე 5.937 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა. პარკში დარჩება 245 საპარკინგე ადგილი, ნაცვლად 440 ადგილისა“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პარკში ასევე დამატებით გაჩნდება საპიკნიკე სივრცეები.
„კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ნაცვლად, რომელთა საერთო ფართობი 28.232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, აღნიშნულ ფართობზე მოეწყობა მხოლოდ გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მერია არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს მთლიანად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დაფარავს.
თავდაპირველი პროექტის თანახმად, მულტიფუნქციურ სივრცეში იგეგმებოდა საგანმანათლებლო ცენტრი, ბოტანიკური ბაღი, იაპონური და ფრანგული ბაღები. პარკის ტერიტორიაზე განათავსებენ შადრევანსა და ამფითეატრს, სპორტულ ზონას, ასევე აქ გაჩნდება თბილისში ყველაზე დიდი სკეიტპარკი.
გათვალისწინებულია სატყეო ზონები, ცხოველების გასასეირნებელი ადგილები, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, საფეხმავლო ხიდი, ორი გვირაბი, თოკების პარკი და ზიპლაინი. იგეგმება ველობილიკები, სტრიტბოლის სივრცე, პიკნიკებისა და კლდეზე ცოცვის ზონები, პარკის ირგვლივ ავტოსადგომები მოეწყობა.
თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია 2021 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა.