რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტული ფესტივალი გაიმართა

სპორტული ფესტივალის მიზანი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობაა.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა შორის სპორტის შვიდ სახეობაში ტურნირი ჩატარდა, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.
სპორტული ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრება შაშში, ჭადრაკში, კალათბურთში, ფრენბურთში, ფეხბურთში, ხელბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. ფესტივალი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ჩატარდა.
სპორტული ფესტივალის მიზანი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა და პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა.
სპორტული ფესტივალის გამარჯვებულები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირადად დააჯილდოვა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ნონა გაფრინდაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში ჭადრაკში მასტერ-კლასი ჩაატარა>>
მსჯავრდებულებთან შეხვედრისას მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობასა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში პატიმართა ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ტურნირის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულებმა სტუმრებისთვის რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შეასრულეს.
იუსტიციის მინისტრთან ერთად ტურნირს ესწრებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, მისი მოადგილე გიორგი გიორგაძე და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ტარიელ ხეჩიკაშვილი.