რა გზავნილი მიიღო საქართველომ უცხოეთიდან?
მაკროეკონომიკური პარამეტრები უმჯობესდება, ეროვნული ვალუტა მყარდება. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებები და მოვლენათა შესაძლო განვითარების პროგნოზი. ეკონომიკა და ფინანსები, მონეტარული პოლიტიკა, საკრედიტო რეიტინგი, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი და ა.შ.
Sputnikგულწრფელი უნდა ვიყო, თავადაც მიკვირს, ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა სტატიას ჩემივე ადრინდელი პუბლიკაციიდან რამდენიმე მოსაზრებაზე გამოხმაურებით დავიწყებ. კი, მაგრამ, რატომ, ასეთი რა ხდება? – შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ, დროის მცირე მონაკვეთში, მაგრამ სხვადასხვა დღეებში ნააზრევს შორის პირდაპირ კავშირს ვხედავ. თანმიმდევრულად მივყვები და ვეცდები უკვე ნათქვამს კიდევ უფრო მეტი ნათელი მოვფინო.
რამდენ ხანს გამყარდება ლარი და რა იქნება ეროვნული ვალუტის წონასწორობის ახალი წერტილი? − დავსვი შეკითხვა ორიოდე დღის წინ და საპასუხოდ საკონსულტაციო კომპანია „თიბისი კაპიტალის“ მიერ ივლისის ბოლოს გამოქვეყნებული ყოველკვირეული მიმოხილვიდან ერთი მოსაზრება მოვიშველიე:
„თუ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის პოზიციები არ დასუსტდა, საქართველოში სავალუტო შემოდინებების მოცულობის შესაძლო ზრდის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო უცხოეთიდან ფულადი გზავნილებისა და უცხოელი ვიზიტორების მზარდი სავალუტო ნაკადები ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შევსებას მოხმარდება“.
თავად კი დავძინე, რომ თუ ამ მოსაზრებას გავიზიარებდით, მოლოდინი უნდა გვქონოდა, რომ კობა გვენეტაძის უწყება სავალუტო ბაზარზე გააქტიურდებოდა და დოლარის შესყიდვის მიზნით ინტერვენციებს განახორციელებდა.
გამოთქმულ ვარაუდებზე პასუხი მალევე მივიღე. „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა. აგვისტოს თვის პირველივე სავაჭრო დღეს ლარი ერთბაშად 1,68 თეთრით გამყარდა და რომ არა ეროვნული ბანკის ინტერვენცია, ვინ იცის, ლარი პოზიციებს რამდენად განიმტკიცებდა. „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსთა პროგნოზი სრულად გამართლდა სავალუტო რეზერვების შევსებასთან დაკავშირებით.
მაშ ასე, 2019 წლის 7 ივნისის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვის მიზნით სავალუტო აუქციონზე რიგით მეორე ინტერვენცია 1 აგვისტოს განახორციელა და 10 მილიონი დოლარი შეიძინა. ამავე მოცულობის დოლარი ეროვნულმა ბანკმა 24 მაისს შეისყიდა. ასე რომ, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები აუქციონზე განხორციელებული ინტერვენციის შედეგად 20 მილიონი დოლარით შეივსო.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ რაკი ტურისტულად აქტიურ პერიოდში ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვის მიზნით ინტერვენციებს ხშირად მიმართავს ხოლმე, არსებობს მოლოდინი, კობა გვენეტაძის უწყებამ აგვისტოში განაგრძოს სავალუტო რეზერვების შევსება.
„ბოლო პერიოდში ლარი გამყარდა, ამიტომაც, როგორც წესი, ეროვნული ბანკი ცდილობს ინტერვენციებით, დოლარის ყიდვა-გაყიდვით ლარის კურსის მკვეთრი მერყეობა შეამციროს. როდესაც ლარი მყარდება, ეროვნული ბანკი ბაზრიდან იღებს დოლარს და რეზერვებს ავსებს. ეროვნული ბანკი ტურისტულად აქტიურ პერიოდში ხშირად მიმართავს ინტერვენციებს და არ არის გამორიცხული, აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებს კიდევ ერთხელ მიმართოს, რადგან აგვისტო ტურისტულად ყველაზე დატვირთული თვეა და მოსალოდნელია, რომ სავალუტო ნაკადები გაიზარდოს“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი კეპულაძე.
დარწმუნებული ვარ, მკითხველი ვარაუდობს, წინამდებარე სტატია სრულად მიეძღვნება ეროვნული ვალუტის ბოლო პერიოდის თავგადასავალსა და პერსპექტივას, ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების დინამიკის პროგნოზირებას, თუმცა არ არის ასე. აგვისტოს პირველივე სამუშაო დღეს ქვეყანამ უცხოეთიდან მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სახელმწიფოს საკრედიტო რისკი უცვლელად, BB დონეზე შეაფასა, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც - „სტაბილური“ მოლოდინი. ურიგო არ იქნება შეგახსენოთ, COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ამავე სარეიტინგო სააგენტომ ჩვენი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი რამდენჯერმე განაახლა. 2020 წლის აპრილში „სტაბილური“ საკრედიტო რეიტინგი „ნეგატიურით“ შეიცვალა, თუმცა გასული წლის აგვისტოში საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი კვლავ „სტაბილურით“ შეიცვალა.
სარეიტინგო სააგენტო რამდენიმე საგულისხმო მოსაზრებასა თუ შეფასებას გვთავაზობს. კერძოდ, აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტს საქართველოს ეკონომიკაზე ჯერჯერობით დადებითი შოკის ეფექტი მოჰყვა. რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან ქვეყანაში 100 ათასამდე მიგრანტი შემოვიდა. შედეგად, სავალუტო ნაკადები და უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 65 პროცენტით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან გზავნილების მოცულობა გასამმაგდა. შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ გაზრდილი გზავნილების ფონზე შემცირდება საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ის მიმდინარე წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 5,1 პროცენტი იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნების მიმდინარე ანგარიშის საშუალო დეფიციტზე 3,5 პროცენტზე მაღალია.
Fitch-ის შეფასებით, ამჟამად საქართველოს სახელმწიფოს სავალუტო რეზერვები ქვეყნის იმპორტის 4,5 თვის მოცულობის ტოლია, ხოლო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული 280 მილიონი დოლარის მოცულობის პროგრამა, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას დამატებითი ლიკვიდობით მოამარაგებს.
სარეიტინგო სააგენტო არც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტს ივიწყებს და აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებს. ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ატარებს, რაც მათ შორის რუსული ბანკის აქტივების ცვლილებასა და მინერალური წყლების მწარმოებელ მესაკუთრეებს შორის ცვლილებაში გამოიხატა. სააგენტო ხაზგასმით წერს, რომ ოკუპირებული ტერიტორების გამო საქართველო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რისკების მიმართ კვლავაც მოწყვლადია. რუსეთის მიმართ მთავრობის „ნიუანსურმა“ მიდგომამ კი მოსახლეობის ნაწილში საპროტესტო განწყობები გააღვივა.
სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდში ფისკალური დისციპლინის ისტორია ჰქონდა. ქვეყანა აუმჯობესებდა სახელმწიფო საწარმოების მართვას და გამჭვირვალობას. ფისკალური პოლიტიკა თანდათანობით მყარდება, რაც ძლიერ საგადასახადო შემოსავლებს და ვალუტის გამყარებას უკავშირდება. ხელისუფლება გეგმავს, რომ 2023 წლისთვის ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი 3 პროცენტამდე შეამციროს. ამასთან, იზრდება ქვეყნის საექსპორტო დივერსიფიკაციაც და მიმდინარე წლის იანვარი–მაისში მთავარი საექსპორტო ბაზარი ჩინეთია.
სარეიტინგო სააგენტო პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მოქმედებას, როგორც ეროვნული ვალუტის მერყეობასთან, ასევე ინფლაციასთან მიმართებაში. ეროვნულმა ბანკმა ლარს საგარეო შოკების შთანთქვის შესაძლებლობა მისცა და არ ჩაერია ეროვნული ვალუტის მერყეობაში, გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ კი საგრძნობლად გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.
Fitch-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ დონეზე დარჩება, ინფლაციის საშუალო დონე კი 11,5 პროცენტი იქნება.
სააგენტოს შეფასებით, საბანკო სექტორი სტაბილური და კარგად კაპიტალიზებულია. ქვეყანაში სესხების დოლარიზაცია 49 პროცენტია, რაც გასული წლის ბოლოსთან შედარებით თითქმის უცვლელია, დეპოზიტების დოლარიზაცია კი 59 პროცენტია, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 2 პროცენტით ნაკლებია.
განსაკუთრებით საყურადღებოა პროგნოზი ეკონომიკური ზრდის ტემპთან მიმართებით. როგორც Fitch-ი ვარაუდობს, გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრების პირობებში მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 10,9 პროცენტით გაიზრდება, მომავალ წელს კი ეს მაჩვენებელი 5,3 პროცენტი იქნება, 2024 წელს − 4,7 პროცენტი.
და, ბოლოს, სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, BB რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ინდიკატორებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ასევე არსებობს პოლიტიკური რისკები, რომლებიც დაკავშირებულია 2024 წლის მოახლოებულ არჩევნებთან. სააგენტო არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკა დროთა განმავლობაში სტრუქტურულ რეფორმებსა და ბიზნეს-გარემოს ტვირთად დააწვეს.
დღეისათვის სულ ეს იყო. უახლოეს დღეებში კობა გვენეტაძის უწყების მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებით დაგიბრუნდებით...