პატრიარქი მამუკა ონაშვილზე: „მართლაც რომ შეუდარებლად დიდი იყო"

მამუკა ონაშვილი დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. მამუკა ონაშვილი თავისი გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, ერთგულებით, ნიჭიერებით, თავმდაბლობით და სარწმუნოებით მართლაც რომ შეუდარებლად დიდი იყო, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
55 წლის მამუკა ონაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, მარადისობას შეერთო და მათი წასვლით ამქვეყნიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა. ვლოცულობთ მამუკა ონაშვილის უკვდავი სულისათვის“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

დღეს სიონის საკათედრო ტაძარში მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ის უკანასკნელ გზაზე მეგობრებმა, კოლეგებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გააცილეს. მომღერალი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
მომღერალს გამოცემული აქვს ორი მუსიკალური ალბომი და 6 ვიდეოკლიპი. იყო პაროდიის თეატრის მსახიობი. მაყურებელი მას კარგად იცნობს „იუმორინას“ სცენიდან. სხვადასხვა დროს იყო არაერთი სატელევიზიო არხის წამყვანი.