დასავლეთ საქართველოში ახალი გაზსადენის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

60-კილომეტრიანი ახალი გაზსადენი სრულიად შეცვლის აჭარის რეგიონის ენერგომომარაგების ეფექტიანობას, აღნიშნავენ უწყებაში.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. აბაშა–ქობულეთის 60-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის გაზსადენის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, დასასრულს უახლოვდება, იუწყება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.
500 მმ დიამეტრის გაზსადენს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მთავრობის დადგენილების საფუძველზე საკუთარი ხარჯებით აშენებს. მის მშენებლობაზე დაახლოებით 40 მლნ ლარი დაიხარჯა.

„ამჟამად მდინარე სუფსაზე გაზსადენის საჰაერო გადასასვლელის 260-მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. კორპორაციის გუნდი სრულიად უნიკალური სირთულისა და უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოებს ასრულებს“, – განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანი აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობის დასკვნით ეტაპზე მყოფ პროცესს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ჩიქოვანის თქმით, 60-კილომეტრიანი ახალი გაზსადენი სრულიად შეცვლის აჭარის რეგიონის ენერგომომარაგების ეფექტიანობას. იგი საგრძნობ შეღავათს მისცემს როგორც აჭარის მოსახლეობას, ისე ტურისტულ სექტორს, რომლისთვისაც სტაბილური, ხარისხიანი და საიმედო გაზმომარაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რომეო მიქაუტაძის თქმით, ახალი გაზსადენის მშენებლობა განპირობებული იყო აჭარის რეგიონის მზარდი მოთხოვნილებით ბუნებრივ აირზე. რეგიონში გაზმომარაგების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ისე აჭარის მაღალმთიანი ზონის ეკონომიკურ განვითარებას.
„ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი, შეტანილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტი საქართველოს ენერგოსტაბილურობის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებელი გაზმომარაგება, ისე ახალი დასახლებების გაზიფიცირება.
საიდან აქვს აჭარას გაზი?
ამჟამად აჭარის რეგიონის გაზმომარაგება წარმოებს ,,ქუთაისი–სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 განშტოებით, რომელიც ექსპლუატაციაში 1990 წელს შევიდა.
კორპორაციის ინფორმაციით, მას შემდეგ გაზსადენის ტექნიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.

„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მისი მდგომარეობა არ შეესაბამება მაგისტრალური გაზსადენების ტექნიკური და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების მოთხოვნებს. სისტემატურად ფიქსირდება კოროზიული დაზიანებები, გაზის გაჟონვა, წარეცხვა, მილსადენის საპროექტო მდგომარეობის დაკარგვის ფაქტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულის შედეგად გაზსადენის მუშა წნევა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებლად მომარაგების უზრუნველსაყოფად მიიჩნია მიზანშეწონილად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ახალი გაზსადენის მშენებლობა.