COVID-19 - ბოლო ცნობები

ყველაზე ხშირად ინფიცირდებიან: ინფექციონისტმა რისკ-ჯგუფი დაასახელა

მაია ბუწაშვილის თქმით, ინფიცირებულებში ფილტვის დაზიანება ბევრად ნაკლებად გვხვდება, ვიდრე წინამორბედი შტამების დროს.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ყველაზე ხშირად ინფიცირდებიან ის პირები, რომლებსაც ვირუსი მანამდე არ გადაუტანიათ, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
საქართველო კორონავირუსის გავრცელების მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო კვირაში კი 11.802 შემთხვევა გამოვლინდა.

„სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა ტალღებს გადარჩენილი სეგმენტი“, – დაწერა ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში.

ინფექციონისტის თქმით, ღებინება, დიარეა, გულისრევა COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომებია, თუმცა აღნიშნული სიმპტომების გამო იგი ხშირად ენტეროვირუსში ერევათ, რაც შეცდომაა.
წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა ინფიცირების 1.698.020 ​​შემთხვევა, გარდაიცვალა 16.869. ამ დროისათვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა 15,47 პროცენტამდე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.