თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ორწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair (TAF) 22-25 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება წელს მესამედ იმართება და მას საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია" (Expo Georgia) უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები, რომლებსაც სახელოსნოს სექცია საშუალებას მისცემს გააცნონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.
„რეგიონში ყველაზე მასშტაბური სახელოვნებო სივრცე კიდევ ერთხელ მოუყრის თავს კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა გამოფენებისა, ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია პერფორმანსები, ვორქშოპები, Taf Talks და სხვა ტიპის აქტივობები.