თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამსახურებული არტისტი, მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილმა თენგიზ არჩვაძეს სახელმწიფო ჯილდო ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიანიჭა და ბრწყინვალების ორდენი პირადად გადასცა.
თენგიზ არჩვაძეს დღეს 90 წელი შეუსრულდა. ის მსახიობთა იმ შესანიშნავი პლეადის წარმომადგენელია, რომელმაც 60-80-იანი წლების ქართულ თეატრსა და კინოს უდიდესი წარმატება მოუტანა.
თენგიზ არჩვაძე
© Courtesy of Tengiz Archvadze
მსახიობი 1932 წლის 3 აგვისტოს თბილისში დაიბადა. წარმოშობით საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, რაჭიდანაა. მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ რაჭაში, ბაბუასთან ცხოვრობდა.
არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მალევე მუშაობა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში.
57-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მან 100-ზე მეტი პერსონაჟი განასახიერა და ქართველი კინომოყვარულების ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. არჩვაძემ სხვადასხვა დროს მთავარი როლები შეასრულა ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორიცაა „ხევისბერი გოჩა” (გუგუა, 1964), „ხევსურული ბალადა“ (იმედა, 1965), „მე ვხედავ მზეს“ (დათიკო, 1965), „26 კომისარი“ (ალიოშა ჯაფარიძე, აზერბაიჯანფილმი, 1966), „ვედრება“ (ალუდა ქუთელაური, 1967), „ჯვარცმული კუნძული“ (გიორგი, 1968), „დიდოსტატის მარჯვენა“ (არსაკიძე, 1969), „ანარეკლი“ (ჯაბა იმედაძე, 1972), „წიგნი ფიცისა“ (მეფე ალექსანდრე და ერეკლე II, 1983; რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1985).
მიღებული აქვს პრემიები და წოდებები:
1985 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
1981 — სსრკ სახელმწიფო პრემია
1979 — საქართველოს სახალხო არტისტი
1967 — საქართველოს დამსახურებული არტისტი.