თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის დადასტურების გამო გამოცდებზე გასვლა ვერ შეძლეს, დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამაგისტრო და მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეებისთვის 4 და 5 აგვისტოს ერთი დამატებითი სესია დაინიშნა.
„გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილზე“, – აღნიშნულია გამოცდების ცენტრის განცხადებაში.
გამოსაცდელთა სიას მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალურ ინფორმაციას გამოცდის ჩატარების შესახებ გაეცანით ბმულზე.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა.
წელს რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების სურვილი 34,5 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა. სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე რეგისტრირებული იყო 2,5 ათასი სტუდენტი, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – 9,5 ათასი.