თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 7 წლის ბავშვი ანესთეზიის შემდეგ გარდაიცვალა

ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. თბილისში, მანაგაძის სახელობის კლინიკაში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს საშარდე მილზე პედიატრიული უროლოგიური ოპერაცია უნდა ჩატარებოდა და საოპერაციოდ ამზადებდნენ, ის ანესთეზიის პროცედურის შემდეგ გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. ბავშვის დედის თქმით, მას ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.
„ბავშვმა ერთი სიტყვა თქვა, ვიხრჩობიო და თვალები გადაატრიალა. ანესთეზიოლოგმა თქვა, ეს იცის ნარკოზმაო. ძალით მომიკლეს ჩემი შვილი, დამიხრჩვეს, არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, ძალით გაგუდეს, ზედმეტი დოზა მისცეს“, – განაცხადა ბავშვის დედამ.
კლინიკის დირექტორის განცხადებით, ნარკოზის გაკეთების შემდეგ ბავშვს განუვითარდა სუნთქვისა და გულის რიტმის დარღვევა და დაფიქსირდა გულის გაჩერება.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.