თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ბიუჯეტისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა ქვეყანაში, შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, ყაზახები, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
2022 წლის იანვარი–ივნისში საქართველოს 247,1 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც 463,7%-ით მეტია 2021 წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელთან შედარებით და 64,3%-ით ნაკლებია 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
2022 წლის ივნისში ტურიზმიდან შემოსავალმა 301,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 146,3%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით და 11,26%-ით ნაკლები 2019 წლის ივნისთან შედარებით. 2022 წლის პირველ ექვს თვეში ყველაზე მეტი ფული რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 218,7 მილიონი აშშ დოლარი.
„მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, ყაზახები, სხვადასხვა ქვეყნიდან. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, ახალი სამუშაოს შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა კალაძემ.
კოვიდ-პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდი მოხსნა. მაშინ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
უკვე 2020 წელს, როდესაც კორონაპანდემია დაიწყო, ტურიზმის შემოსავალი ძალიან დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ქვეყანაში სულ რაღაც 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 427,7 მილიონი დოლარი შადგინა.
ტურიზმმა 2021 წელს, როდესაც ეს სფერო შედარებით გამოცოცხლდა, საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა.