თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს მის პატიმრობაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა 30 ივლისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები მისი მკურნალობით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.
„სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის. იგი პასუხს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგებს და არა იმის მიხედვით, პოლიტიკიდან დისტანცირებას როდის გადაწყვეტს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, მთავარი პრინციპი უნდა იყოს კანონის უზენაესობა.
„რა პოლიტიკური დღის წესრიგიც არ უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიას, რა პოლიტიკური ხედვაც არ უნდა იყოს პიროვნულ დონეზე, მთავარია, კანონის უზენაესობის პრინციპი“, - განაცხადა დეპუტატმა.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა პარტიის შიგნით დისკუსიის გამოძახილია.
„სააკაშვილის გამო პარტიაგანახლებას და ახალიდღის წესრიგის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებდა. როგორცჩანს, დღეს ეს დისკუსია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ისევაქტუალურია. ეს არისსტრატეგია თუ ტაქტიკა, რაც ადვოკატებმა თქვეს, ამისგამოძახილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან და „ნაცმოძრაობიდან“ წასვლის შესახებ დაცვის მხარის სტრატეგიაა. მმართველ პარტიაში კი აღნიშნულ ინფორმაციას „მარტივი ტაქტიკური მანევრი“ უწოდეს.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.