სარჯველაძე: სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა სასჯელის აღსრულებაზე არ იმოქმედებს

დეპუტატის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაციაზე იმოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პატიმრის მკურნალობა და მისი უფლებების აღსრულება, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა 30 ივლისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები მისი მკურნალობით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.
დეპუტატის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაციაზე იმოქმედებს.

„არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს და პოლიტიკაზე არსებითი გავლენა იქონიოს. ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან და „ნაცმოძრაობიდან“ წასვლის შესახებ დაცვის მხარის სტრატეგიაა. მმართველ პარტიაში კი აღნიშნულ ინფორმაციას „მარტივი ტაქტიკური მანევრი“ უწოდეს.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.