რაქვიაშვილი: სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა გარდაუვლად აისახება თავად „ნაცმოძრაობაზე“

Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. მიხეილ სააკაშვილი ციხეს თუ დატოვებს და მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ, ეს შიდა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებას დაეხმარება, განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები მისი მკურნალობით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.
თუმცა, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ უწყებებში, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადეს, რომ მას პროფესიონალები მკურნალობენ და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის არანაირი აუცილებლობა არ არის.
30 ივლისს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
სარჯველაძე: სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა სასჯელის აღსრულებაზე არ იმოქმედებს>>>
დეპუტატის თქმით, თუ „ნაცმოძრაობაში“ პრინციპული ცვლილებები დაიწყება, მაშინ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე დამაჯერებელი იქნება. „ნაციონალურ მოძრაობას“ საფუძველი გაუჩნდება, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში წესიერად ჩაერთოს, დასძინა ოპოზიციონერმა.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან თუ წავა, ეს გარდაუვლად აისახება თავად „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადგან შეუძლებელია ეს პარტია იგივე რეჟიმში მუშაობდეს. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკიდან სააკაშვილის წასვლას სხვა პოლიტიკოსების წასვლაც მოჰყვება. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პერიოდში მაქსიმალურად ეფექტიანი უნდა იყოს. თუ ისინი იგივე რეჟიმში იქნებიან, მაშინ სააკაშვილის სავაჭრო პოზიცია სუსტი იქნება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან და „ნაცმოძრაობიდან“ წასვლის შესახებ დაცვის მხარის სტრატეგიაა. მმართველ პარტიაში კი აღნიშნულ ინფორმაციას „მარტივი ტაქტიკური მანევრი“ უწოდეს.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაშიმსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.