პირველი ავარიული კორპუსი, რომელსაც თბილისის მერია ჩაანაცვლებს, ვარკეთილში მდებარეობს

თბილისის მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში დაახლოებით 10 ათასი ავარიული სახლია.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი ავარიული კორპუსი, რომელსაც თბილისის მერია ჩაანაცვლებს, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის ინფორმაციით, ვარკეთილში მდებარე მაღალი კატეგორიის ავარიული ხუთსართულიანი შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე დაწყებულია და მათი ნაწილი ქირითაა გადაყვანილი.

„მუნიციპალიტეტი ამ შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახლის მშენებლობას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა", – განაცხადა მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, აქამდე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა და ამ კუთხით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისა და კერძო სექტორის თანამშრომლობა, ასევე პროგრამის სრულყოფილად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა.
„ავარიულ შენობებში მცხოვრები ადამიანების მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო. ხშირია შემთხვევა, როცა მათ არასწორი მოთხოვნები აქვთ. ზოგს მეტი ფართობის მიღება სურს. ასეთი მიდგომების გამო პროექტი შემდეგ ეტაპზე ვერ გადადის. თუმცა, მოქალაქეების უმრავლესობა ძალიან მონდომებულია და მათთან კარგად ვთანამშრომლობთ", – განაცხადა მან.
მერის ინფორმაციით, ამჟამად მუნიციპალიტეტი კიდევ 12 ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს.
2022 წლის დასაწყისში კახა კალაძემ დააანონსა ძველი ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო.
თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების წესები მომზადდა>>
თბილისის მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში დაახლოებით 10 ათასი ავარიული სახლია. ოფიციალური მონაცემები ეყრდნობა შენობების ინსპექტირებას მოქალაქეების მიმართვების შემდეგ.
სახლის ავარიულად აღიარების პროცედურა
სახლის უსაფრთხოების შესაფასებლად მისმა მცხოვრებლებმა განცხადებით უნდა მიმართონ რაიონის გამგეობას.
ამის შემდეგ გამგეობა განცხადებას უგზავნის მერიას, რომელიც მუნიციპალურ ლაბორატორიას შენობის შეფასების შეკვეთას აძლევს.
შენობისთვის ავარიული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ვიზუალური დათვალიერებისა და მისი ტექნიკური მდგომარეობის შეფასების შემდეგ.
ავარიულობის დონიდან გამომდინარე, შენობას გარკვეული კატეგორია ენიჭება. ავარიულობის მესამე და მეოთხე კატეგორიის შენობები საცხოვრებლად ყველაზე საშიშად ითვლება.