„ყველაფერს ივანიშვილი გადაიხდის" - კალაძე ცენტრალური პარკის მშენებლობაზე

პარკის ტერიტორიაზე განთავსდება შადრევანი და ამფითეატრი, სპორტული ზონა, თბილისში ყველაზე დიდი სკეიტპარკი.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის ყველა ხარჯი ბიძინა ივანიშვილმა აიღო თავის თავზე, ადგილობრივი ხელისუფლება პროექტზე ერთ თეთრსაც არ დახარჯავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ფონდმა „ქართუმ", რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 36 ჰექტარი ტერიტორია კერძო მფლობელისგან გამოისყიდა და უანგაროდ გადასცა ქალაქს. ახალი პარკის მოწყობისთვის ფონდი ათობით მილიონ ლარს გამოყოფს.

„საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა ამ სივრცის დედაქალაქისთვის გადაცემით, მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი – გამწვანების, მოწესრიგების, რეაბილიტაციის, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე. მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არცერთი თეთრი. პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო", – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ბევრმა იცის ამის შესახებ, მაგრამ ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
მერმა აღნიშნა, რომ თბილისს არ ჰქონია და არა აქვს ამ მასშტაბის სარეკრეაციო სივრცე.
მულტიფუნქციურ სივრცეში მოეწყობა საგანმანათლებლო ცენტრი, ბოტანიკური ბაღი, იაპონური და ფრანგული ბაღები. პარკის ტერიტორიაზე განათავსებენ შადრევანსა და ამფითეატრს, სპორტულ ზონას, ასევე აქ გაჩნდება თბილისში ყველაზე დიდი სკეიტპარკი.
გათვალისწინებულია სატყეო ზონები, ცხოველების გასასეირნებელი ადგილები, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, საფეხმავლო ხიდი, ორი გვირაბი, თოკების პარკი და ზიპლაინი. იგეგმება ველობილიკები, სტრიტბოლის სივრცე, პიკნიკებისა და კლდეზე ცოცვის ზონები, პარკის ირგვლივ ავტოსადგომები მოეწყობა.
თბილისის ცენტრალური პარკის პრეზენტაცია 2021 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა.