თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. შვეიცარიის ერთ-ერთ მსხვილ საფინანსო კონგლომერატ Credit Suisse-თან ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავა შვეიცარიის ხელისუფლების მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს, განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებთან.
გუშინ საადვოკატო კანტორა MKD Law-მ გამოაქვეყნა განცხადება ივანიშვილის გეგმებთან დაკავშირებით. კერძოდ, ბიზნესმენი გეგმავს მიმართოს შვეიცარიის პარლამენტს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და შვეიცარიის საფინანსო ზედამხედველობის ორგანოს. გარდა ამისა, განიხილება საკითხი ივანიშვილის აღნიშნული ბანკისადმი მიმართვის დეტალების გასაჯაროების თაობაზე.
„ჩვენი სურვილი და გეგმა განპირობებულია ორი მიზეზით. აქ საუბარი არის არა მხოლოდ იმ დარღვევათა ხასიათზე, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს დავაში, არამედ ჩვენი მიმართვა განპირობებულია კიდევ ერთი გარემოებით, რომ Credit Suisse არის შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანური ბანკი, არის მისი სისტემის შემქმნელი“, – განაცხადა ყიფიანმა.
„აქედან გამომდინარე, დარღვევები, რასაც ადგილი აქვს ჩვენს საქმეზე და არა მარტო ჩვენს საქმეზე, საჭიროებს, მოითხოვს კანონმდებლობისა და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან მეტ ყურადღებას“, – აღნიშნა ყიფიანმა.
მისი თქმით, ივანიშვილის დაცვის მხარე შვეიცარიული კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაინტერესებას ცდილობს იმისთვის, რათა „ამ ბანკს დროზე მიეხედოს“ და აღმოიფხრას არა მარტო ივანიშვილის საქმეში შეცდომა, არამედ ყველა სხვა არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ბანკისადმი ივანიშვილის მიმართვის დეტალების გასაჯაროებას, ადვოკატი ამას ხსნის საზოგადოების ინფორმირებულობის სურვილით.
„ეს ნაკარნახევია საკითხისადმი სრულიად ჯანსაღი დამოკიდებულებით, რათა აუდიტორიას არ შეექმნას შთაბეჭდილება და წარმოდგენა, რომ ჩვენ რაღაცას ვიგონებთ ან რაღაც საკითხები არის ჩვენ მიერ ინტერპრეტირებული. არსებობს კონკრეტული დოკუმენტები, რაზედაც დაფუძნებული იქნება ჩვენი პრეტენზია“, – განაცხადა ყიფიანმა.
ივანიშვილის დავა
ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ისა და მისი ქვედანაყოფების წინააღმდეგ მრავალი წელია მიმდინარეობს.
ერთ შემთხვევაში საუბარია თაღლითობის გამო ზარალის ანაზღაურებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში – Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებული Green Vals Trust-ის სატრასტო ფონდების უარზე, რომ განახორციელოს 4 მარტიდან მოთხოვნილი გადახდები. ივანიშვილმა ტრასტზე სარჩელი მაისის დასაწყისში შეიტანა.
რუსეთში თავისი აქტივების ორ ეტაპად გაყიდვის შემდეგ (2005 და 2011 წლებში) ივანიშვილმა მიღებული სახსრები ბანკში განათავსა. 755 მლნ დოლარის ოდენობის დეპოზიტი ივანიშვილმა Credit Suisse Life-ის ოფისში შეიტანა ბერმუდის კუნძულებზე. ეს შენატანი „სადაზღვევო პრემიის“ სახით იყო და მასზე შვეიცარიული ბანკი იყო პასუხისმგებელი.
ივანიშვილმა 2015 წელს აღმოაჩინა, რომ მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მლნ დოლარი გაქრა თაღლითური ოპერაციების შედეგად.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.
Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.
რაც შეეხება სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს, მან ივანიშვილისთვის გადახდის დაყოვნების მიზეზად „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარება“ დაასახელა.
„ეს არის ის საკითხი, რომელიც 4 მარტიდან იწყება და უკავშირდება მეტად უჩვეულო მომიზეზებას „კრედიტ სუისის“ სტრუქტურის მხრიდან“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მისი თქმით, ამ ფულს არაფერი აქვს საერთო ბერმუდის კუნძულებზე ამჟამად მიმდინარე დავასთან.
„ეს არის აბსოლუტურად სხვა აქტივები. მეტიც, ეს ის ფინანსური აქტივებია, რომელიც არ არის განთავსებულ „კრედიტ სუისში“, როგორც ბანკში, არამედ სხვა შვეიცარიულ ბანკშია განთავსებული. ერთადერთი, რაც გამოარჩევს ამ თანხას, არის ის, რომ მას „კრედიტ სუისის“ მიერ შექმნილი ტრასტი მართავს“, – განმარტა ყიფიანმა.
Credit Suisse-მა 5 ივლისს ივანიშვილს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ და აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებამ ბანკს თითქოსდა გარკვეული ვალდებულებები დააკისრა, და სატრასტო ფონდი გადახდას აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.
ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის ერთადერთ ოლიგარქად არის მოხსენებული, რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან. ევროპული საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი იყო ინდივიდუალური სანქციების დაწესება ივანიშვილის წინააღმდეგ.