თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. ჩინეთის არმიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსის ვიზიტის ფონზე, ტაივანის ირგვლივ სამხედრო ოპერაციების სერია სამშაბათს, საღამოს დაიწყო, განაცხადა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო სარდლობის აღმოსავლეთ ზონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ში იმ.
გარდა ამისა, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები ჩატარდება, არმია კი საბრძოლო მზადყოფნაშია, განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ.
ნენსი პელოსი ტაივანში დელეგაციასთან ერთად სამშაბათს ჩავიდა - 1997 წლის შემდეგ ეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირველი ვიზიტია ტაივანში. მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ აშშ-ის ის პოლიტიკოსები, რომლებიც „ცეცხლს ეთამაშებიან" ტაივანის საკითხზე, „კარგად არ დაასრულებენ".
როგორც ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების ვიზიტი კუნძულზე დაარღვევს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, ზიანს მიაყენებს სამხედრო სფეროში ურთიერთობებს და გაამწვავებს სიტუაციას. მისი თქმით, „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმია გულხელდაკრეფილი არ დააკვირდება ამას და აუცილებლად მიიღებს ზომებს, რათა საგარეო ჩარევა აღკვეთოს“.
თავის მხრივ, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა პეკინს მოუწოდა, თავი შეიკავოს „იარაღის ჟღარუნისგან“ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კუნძულს თავის პროვინციად თვლის და ყოველთვის ეწინააღმდეგება ტაიბეის წარმომადგენელთა ნებისმიერ კონტაქტს იმ ქვეყნების მოქმედ, მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან ან სამხედრო პირებთან, რომლებთანაც პეკინს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული.