სააკაშვილი პროცესზე ვერ გამოცხადდა - სხდომა ისევ გადაიდო

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ბოლო რამდენიმე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგ ჯერზე გადაიდო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. სხდომა 20 სექტემბერს ჩაინიშნა.
აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, ექს-პრეზიდენტთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია.
ბრალდებულმა სააკაშვილმა პროცესზე დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლო. იგი 12 მაისს რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“გადაიყვანეს, სადაც დღემდე მკურნალობის კურსს გადის.
სააკაშვილი პოლიტიკიდანაც მიდის და „ნაცმოძრაობიდანაც“: ადვოკატის განცხადება>>>
სხდომაზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული წერილები წაიკითხა. პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, სააკაშვილს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს როგორც სასამართლოში წარდგენის გზით, ისე დისტანციურად, თუმცა, მან აღნიშნულზე უარი განაცხადა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
კლინიკა „ვივამედიდან“ მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის პროცესში მონაწილეობის მიღება მიზანშეწონილი არ არის.
აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.