სიკვდილის წინათგრძნობა არსებობს: მეცნიერებმა „შავი დამღის“ საიდუმლო ამოხსნეს

Sputnik
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ადამიანები სიკვდილის მოახლოებას წინასწარ გრძნობენ, რაც მეცნიერულად დასტურდება, აცხადებენ ამერიკელი მედიკოსები.
უილიამ გრინმა, სტეფან გოლდსტეინმა და ალექს მოსმა მოულოდნელად გარდაცვლილი ადამიანების ავადმყოფობის ისტორიები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მათი უმრავლესობა გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას. ამაზე მეტყველებდა მათი ქცევები გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. მაგალითად, ზოგი ცდილობდა, სწრაფად მოეგვარებინა ყველა პირადი საქმე, ზოგს კი დეპრესია ემართებოდა, რომელიც ერთი კვირიდან ექვს თვემდე გრძელდებოდა.
ამერიკელმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ დეპრესიას ჰორმონალური ცვლილებები იწვევდა, რომლის ფუნქციაც ცენტრალური ნერვული სისტემის აღსასრულის დღისთვის მომზადება იყო.
მაინც რისთვის ეძლევა სიკვდილის წინათგრძნობის უნარი ადამიანს?
როგორც მედია წერს, ამ კითხვას პასუხი ენერგოინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერიმენტული ლაბორატორიის სწავლულებმა გასცეს. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ატარებდნენ იმ ადამიანების ენერგოინფორმაციული ველის, ანუ აურის კვლევებს უნიკალური აპარატურით, რომლებიც სხვადასხვა სახის ავარიებსა თუ კატასტროფებში მოჰყვნენ და მერე გარკვეული ხნის განმავლობაში სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იყვნენ.
მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა გამოსაცდელის აურაში არსებობდა გარკვეული ენერგეტიკული „დამღა“, რომელიც მიღებული ტრავმის შედეგად ჩნდებოდა.
კირლიანის მეთოდით გადაღებულ ფოტოებზე (ინფრაწითელი ფოტოგრაფირების მეთოდი, რომელიც 1939 წელს აღმოაჩინეს ცოლ-ქმარმა კირლიანებმა და რომლითაც თითქოს ყველა ცოცხალი არსების ენერგეტიკული აურის დაფიქსირება შეიძლება) „დამღა“ შავ ლაქას ჰგავს, ამიტომ სწავლულებმა მას „შავი დამღა“ უწოდეს.
ლაბორატორიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვარაუდით, „შავი დამღა“ შესაძლოა ერთგვარი „ენერგეტიკული მიკრობი“ იყოს, ცოცხალი და მოაზროვნე სუბსტანციაც კი, რომელიც აურაში შეღწევის შემდეგ ისევე იწყებს ადამიანის ორგანიზმის ნგრევას, როგორც ჩვეულებრივი მიკრობები. ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ავადმყოფობები, ისე უბედური შემთხვევები — ხშირად ლეტალური შედეგებით.
რაც შეეხება წინათგრძნობას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ ეტაპზე „შავი დამღა“ იწყებს ადამიანის ცნობიერებაში ჩაფიქსირებას და ის უკვე აცნობიერებს, რომ მალე მოკვდება.

საიდან ჩნდება ეს „შავი დამღა“, მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის კი დაადგინეს, რა მიზეზით ჩნდება ის კონკრეტული ადამიანის აურაში.
როგორც ირკვევა, მიზეზი ბანალურია. „დამღა“ ჩნდება იმ ადამიანების აურაში, რომლებიც ავს უსურვებენ ახლობლებს, შურთ სხვებისა, იქცევიან მდაბლად, უნამუსოდ და ზოგადად, ცუდს უსურვებენ სხვებს. თურმე სწორედ ეს ასუსტებს ადამიანის დამცავ ბიოველს და ხელს უწყობს „შავი დამღის“ გაჩენას.

გარდა ამისა, სპეციალისტები ასახელებენ კიდევ ორ მიზეზს — წინაპართა ცოდვებს, ანუ კარმის კანონსა და... ავ თვალს. ეს ნამდვილად არამეცნიერულად ჟღერს, მაგრამ დადგენილია, რომ ერთი ადამიანის ნეგატიური აზრებისა და ემოციების მატერიალიზაცია ნამდვილად ვნებს მეორეს.
ასე რომ, იცოდეთ: წყევლას მისტიკური კი არა, ფიზიკური დატვირთვა აქვს!
გამომდინარე ყველაფერ ზემოთქმულიდან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვეცნობიერი აფიქსირებს აურაში „შავი დამღის“ წარმოქმნას და როცა გამანადგურებელი ენერგიის კონცენტრაცია კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, ადამიანები ამბობენ, რომ მალე მოკვდებიან...
და კიდევ: ამბობენ, რომ სიკვდილის წინ ადამიანის აურა უკვალოდ კი არ ქრება, არამედ საიქიოში გადადის ადამიანის ენერგეტიკულ კომპლექსთან ერთად და თან მიაქვს ყველა ინფორმაცია მასზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ — გადააქვს ცნობიერება. ანუ კვდება მხოლოდ ფიზიკური სხეული, ხოლო ცნობიერება არსებობას განაგრძობს როგორც შედედებული ენერგიის ბირთვი.
ბიოლოგიური ქსოვილის რადიოაქტიური გამოსხივება სიკვდილის მომენტში, როგორც ჩანს, ენერგეტიკულ კომპლექსს ბოლო ბიძგს აძლევს და უკვდავ სულს სამყაროს უსასრულობაში აგზავნის.