თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას, განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საკონკურსო კომისიამ უკვე შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები.
„ჩვენ არჩევნების შემდეგაც არ გვქონდა კალანდარიშვილთან რაღაც პრეტენზიები და წინა კენჭისყრაზეც მას მხარი დავუჭირეთ. ერთადერთი საპრობლემოა ის ფაქტი, რომ ამას ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ. კარგი იქნება, ბოლოს და ბოლოს რაღაც კონსენსუსს მივაღწიოთ და ავირჩიოთ ცესკოს თავმჯდომარე სრული ვადით. ჩემი ვარაუდით, ჩვენ ამჯერადაც მხარს მას დავუჭერთ“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი კვლავ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილია.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე განცხადება შეიტანა ხუთმა კანდიდატმა, ხოლო კომისიის წევრის ორ ადგილზე – შვიდმა პრეტენდენტმა.
ახლა პრეზიდენტს სამ ვაკანტურ ადგილზე მინიმუმ ორ-ორი კანდიდატის შერჩევა და მათი პარლამენტისთვის წარდგენა მოუწევს.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ.
აგვისტოში კალანდარიშვილისა და ცესკოს წევრების – მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის უფლებამოსილების ვადა იწურება. პარლამენტმა სამივე მათგანი თებერვალში ექვსი თვის ვადით აირჩია.
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
კალანდარიშვილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით ცესკოს თავმჯდომარე პირველად გასული წლის აგვისტოში გახდა ექვსი თვით. ის მეორედ ამ თანამდებობაზე ამავე ვადით მიმდინარე წლის თებერვალში აირჩიეს.
ამჟამად მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.