საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე საშიშ გზაზე მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდება

ფშაველი–აბანო–ომალოს გზა გასული საუკუნის 60–70–იან წლებში აშენდა.
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი— Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ფშაველი–აბანო–ომალოს 72 კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მრავალმილიონიანი პროექტის რეალიზაციას იწყებს, იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი გზაა თუშეთში მოსახვედრად. ის სოფელ ფშაველიდან იწყება და ომალოს აბანოს უღელტეხილის გავლით უერთდება, რომელიც ზღვის დონიდან 2.950 მეტრ სიმაღლეზეა.
გზა ვიწროა და ხშირად იმეწყრება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო გზაზე მოძრაობა წელიწადში დაახლოებით ოთხი–ხუთი თვეა შესაძლებელი.
თუშეთის გზის პროექტი რვა უბნად არის დაყოფილი. ტენდერი გზის პირველ 13,5 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე სამუშაოების ჩატარებაზე უკვე გამოცხადდა.
მეორე ტენდერი 14,7 კილომეტრიან უბანზე აგვისტოში გამოცხადდება. სამუშაოების საორიენტაციო ღ8ირებულება 28,2–კილომეტრიან მონაკვეთზე 49 მლნ ლარს შეადგენს. წლის ბოლომდე გზის ყველა უბანზე გამოცხადდება ტენდერი.
პროექტი მთლიანად 2025 წლისთვის დასრულდება და მისი საორიეტაციო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც უწყების პრეს–სამსახურში განაცხადეს, ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოამზადა.
პროქტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, სადრენაჟო სისტემების მოწყობას, საგზაო მოძრაობის დარეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულ აღდგენას.
ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.
ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია აშენებული.