თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს, ნათქვამია მედიაცენტრ „მთავარის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
28 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ჯიჯეიშვილმა, მირიან კუკავა დანით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის გუშინ დააკავეს.
„გულწრფელად ვინანიებ ჩემ მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას, რასაც მოჰყვა მირიან კუკავას გარდაცვალება. აღნიშნული ბრალეული ქმედება ჩავიდინე 2022 წლის 28 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში ქეთათო არაბულის წვეულებაზე“, — წერია დავით ჯიჯეიშვილის გამოძიებისთვის მიცემულ აღიარებით ჩვენებაში.
ბრალდებული ირწმუნება, რომ ის მოკლულს საერთოდ არც იცნობდა,
„წვეულებამდე მე არ ვიცნობდი მირიან კუკავას და მასთან არანაირი შეხება და გადაკვეთა არ მქონია. მისი სახელი და გვარი ჩემთვის ცნობილი გახდა მომხდარი ინცინდენტის შემდეგ“, — წერია ბრალდებულის ჩვენებაში.
მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობის საქმეზე კიდევ შვიდი ადამიანია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.
ხუთ პირს ბრალდება 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც ორიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულიების სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, რომელზეც მომამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონიძიების შეფარდების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.