ცესკოს თავმჯდომარის არჩევნები: კანდიდატების პრეზიდენტს წარედგინა

საქართველოს პრეზიდენტს მინიმუმ ორ-ორი კანდიდატის შერჩევა და მათი პარლამენტისთვის წარდგენა მოუწევს.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი კვლავ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილია.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე განცხადება შეიტანა ხუთმა კანდიდატმა, ხოლო კომისიის წევრის ორ ადგილზე – შვიდმა პრეტენდენტმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია, თამარ ალფაიძე, ხოლო ცესკო-ს წევრობის კანდიდატები კი, ქრისტინე ქაჯაია, სიმონ პარუნაშვილი, ლევან ისაკაძე, თამაზ ფოლადაშვილი, მაია, ზარიძე, გია ცაცაშვილი, რუსუდან ქურდიანი.
ახლა პრეზიდენტს სამ ვაკანტურ ადგილზე მინიმუმ ორ-ორი კანდიდატის შერჩევა და მათი პარლამენტისთვის წარდგენა მოუწევს.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ.
კანდიდატი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წელს ზემოთ, უპარტიო, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და თავისუფლად ფლობდეს სახელმწიფო ენას.
აგვისტოში კალანდარიშვილისა და ცესკოს წევრების – მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის უფლებამოსილების ვადა იწურება. პარლამენტმა სამივე მათგანი თებერვალში ექვსი თვის ვადით აირჩია.
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
კალანდარიშვილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით ცესკოს თავმჯდომარე პირველად გასული წლის აგვისტოში გახდა ექვსი თვით. ის მეორედ ამ თანამდებობაზე ამავე ვადით მიმდინარე წლის თებერვალში აირჩიეს.
ამჟამად მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.