სტუდენტურ ბანაკში ცხრა ახალგაზრდა მოიწამლა: რა მოხდა ხონში

ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ხონში მოწყობილ სტუდენტურ ბანაკში ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მოწამვლა, სავარაუდოდ, წყაროს წყალმა გამოიწვია. ცხრა სტუდენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ბანაკიდან ჯერ ხონის, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ახალგაზრდები სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ, ღამით მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, მათ დეზინტოქსიკაცია და საჭირო კვლევები ჩაუტარდათ. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისათვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ახალგაზრდები სამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხონში ბანაკი „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ორგანიზებით მოეწყო. ამ დროისათვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები მასმედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.